ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მან ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ჭავჭავაძის გამზირზე 26 აგვისტოს ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელშიც რეკონსტრუქციის ამ დროისთვის არსებულ შედეგებზე ლაპარაკობს.
კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ყველაზე მძიმე, პირველ ეტაპზე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები - საკანალიზაციო ქსელი, წყლის ახალი მილები და სანიაღვრე სისტემა. მუშაობა დაამთავრა თბილისის გაზგამანაწილებელმა კომპანიამაც. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე.
თბილისის მერის ცნობით, 26 აგვისტოდან ამ მონაკვეთზე იწყება მეორე ეტაპი - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კახა კალაძის თქმით, მოწესრიგდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელი და პარალელურად მოეწყობა გზის საფარის საძირკველი.
„ჩვენ გვქონდა ეხლა კომუნიკაცია კომპანიასთან და 15 სექტემბრისთვის, დაწყებული ვარაზისხევის ამოსასვლელიდან პიქსელის შენობამდე პირველ, ანუ ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება მოწყობილი, ანუ გზა იქნება დაგებული ქვედა ფენებში მხოლოდ და თავისუფლად იქნება შესაძლებელი გადაადგილება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტომობილებისთვის გზის გახსნის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები.
თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა მაისის ბოლოს დაიწყო.
26 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში თბილისის მერი ლაპარაკობს სხვა სამუშაოებზეც, რომელთა დასრულების შემდეგ "ჭავჭავაძის გამზირი რადიკალურად განსხვავებული იქნება" და განვითარებული ევროპული ქალაქების გამზირებს დაემსგავსება.
კახა კალაძის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის შუა ნაწილში იქნება სპეციალური ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მან სწრაფად იმოძრაოს. მერის თქმით, ეს პროექტი თბილისისთვის დაამუშავა ფრანგულმა კომპანიამ, „სისტრამ.“
„რამდენიმე ხნის წინ პარიზში ვიმყოფებოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ პროექტებს ვახორციელებთ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში. საფრანგეთშიც, იტალიაშიც, ევროპულ ქალაქებში ზუსტად იგივე მიდგომებია და ანალოგიური პროექტებია განხორციელებული“ - აცხადებს კახა კალაძე.
მისი თქმით, ჭაჭავაძის გამზირზე იქნება დამატებითი ზოლები ველობილიკებისთვისაც, მიწისქვეშ ჩადის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც დღეს ჰაერშია გადაჭიმული და ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენს, მთლიანად შეიცვლება ბოძები და სანათები და ნარჩენებისთვის დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები.
კახა კალაძის ცნობითვე, ტროტუარები მოეწყობა გრანიტის სპეციალური ქვებით - ტრავერტინით და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, სახანძრო ავტომანქანებისთვის დამონტაჟდება სპეციალური ტექნიკა საჭიროების შემთხვევაში წყლის სრაფად ასაღებად და დაიდგმება ვიდეომეთვალყურეობის კამერები.
თბილისის მერიის გეგმა მოიცავს ტერიტორიას ვაკის პარკამდე. სამუშაოების მთლიანად დასრულებას წლის ბოლოსთვის აპირებენ.