Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება თუ... სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსის“ კითხვებს უპასუხა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„აფხაზეთში ჩატარებულ ამ .. არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება დღე, როცა მართლაც ჩატარდება არჩევნები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, ექნებათ მასში მონაწილეობის საშუალება. ისინი განსაზღვრავენ საკუთარი რეგიონის მომავალს საქართველოს შემადგენლობაში“, - ასე უპასუხა ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შესახებ „ევრონიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პარიზში ვიზიტის დროს, „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა „ადამიანური ტრაგედია“ უწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას იქ მცხოვრები ადამიანებისათვის და აღნიშნა, რომ ადგილზე რუსიფიკაციის პოლიტიკა მიმდინარეობს.

„მათ არა აქვთ წვდომა მშობლიურ ენაზე, ძალიან მძიმე ვითარებაა საოკუპაციო ხაზზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობენ და რომელთაც, ხანდახან იტაცებენ. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ საქართველომ მაინც შეძლო ევროპისკენ გზის გაგრძელება. თუ ომის და ოკუპაციის მიზანი საქართველოს მიერ არჩეული დასავლური გეზის შეჩერება იყო, ეს არ მოხდა, ამიტომ, საქართველო მოგებულია ამ ბრძოლაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე კი საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ საუბარში გადანცხადა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა განახლდეს, "ჩვენ უნდა დავინახოთ მკაფიო ნიშანი იმისა, რომ რუსეთი შეცვლის დამოკიდებულებას ისეთ პატარა მეზობელ ქვეყანასთან, როგორიც ჩვენ ვართ და აღიარებს, რომ მეზობელთან ურთიერთობა არ შეიძლება წარიმართოს ძალისმიერი გზებით. თუ ჩვენ ამ ნიშანს დავინახავთ, დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით რუსეთთან დიალოგისთვის“.

სალმე ზურაბიშვილის განცხადებით, 15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და ევროკავშირის პარტნიორი, რომ მას ექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს შესაძლებელი გახდა:

„სწორედ ეს ფაქტორი ხდის ჩემს პრეზიდენტობას გამოწვევებით სავსეს და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG