Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელები პარლამენტის მუშაობის შეჩერებას ეწინააღმდეგებიან


პარლამენტის მუშაობის შეჩერების მოწინააღმდეგეთა აქცია ლონდონში. 2019 წლის 28 აგვისტო
პარლამენტის მუშაობის შეჩერების მოწინააღმდეგეთა აქცია ლონდონში. 2019 წლის 28 აგვისტო

რამდენიმე საათში მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი 28 აგვისტოს გამოქვეყნებულ ონლაინ-პეტიციას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ.

პეტიცია მას შემდეგ მომზადდა, რაც კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დედოფალს, ელისაბედ მეორეს თხოვა პარლამენტის მუშაობის ხუთი კვირით შეჩერება. დედოფალმა პრემიერის მიმართვა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ძალაში შევა 9-12 სექტემბერს და 14 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

როგორც BBC წერს, ბორის ჯონსონი აპირებს ნებისმიერ ფასად შეასრულოს პირობა და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გაიყვანოს. პარლამენტი ე.წ. „ხისტ ბრექსიტს,“ ანუ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ეწინააღმდეგება, ამიტომ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის მუშაობის შეჩერება დასჭირდა.

ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება ხალხმრავალი აქციებით გააპროტესტეს ლონდონში, მანჩესტერში, ედინბურგსა და სხვა ქალაქებში.

„შეაჩერეთ პუტჩი“ - სკანდირებდნენ ლონდონში, პარლამენტის შენობასთან შეკრებული დემონსტრანტები, რომლებსაც თან ჰქონდათ ევროკავშირის დროშები.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას უწოდა დამანგრეველი დარტყმა დემოკრატიაზე და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისთვის პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნა კანონიერი ქმედებაა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მოწინააღმდეგე 70-მდე გავლენიანმა პოლიტიკოსმა და იურისტმა ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG