Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონმა მოლდოვის ხელისუფლება შეაქო ანტიკორუფციული ძალისხმევისთვის


ჯონ ბოლტონი და მაია სანდუ
ჯონ ბოლტონი და მაია სანდუ

მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, „უსაფრთხოების საკითხებთან“ დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს შეხვდა.

29 აგვისტოს კიშინიოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯონ ბოლტონმა მნიშვნელოვანი უწოდა მოლდოვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიკორუფციულ ნაბიჯებს. „ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია პოტენციური ამერიკელი ინვესტორებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისათვის, რომლებიც ენდობიან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სისტემას, ანგარიშვალდებულ სამთავრობო უწყებებსა და კორუფციისგან თავისუფალ გარემოს“, - განაცხადა ბოლტონმა.

დნესტრისპირეთის კონფლიქტზე საუბრის დროს თეთრი სახლის მრჩეველმა განაცხადა, რომ მოლდოვის მთავრობას სჭირდება მტკიცე მხარდაჭერა ამ პრობლემის გადასაჭრელად, „უნდა უზრუნველვყოთ რომ მოლდოვა იყოსნამდვილად ერთიანი ქვეყანა და არა საგარეო ჩარევის სუბიექტი“, - განაცხადა ბოლტონმა.

ჯონ ბოლტონი კიშინიოვში ჩავიდა კიევიდან, სადაც დონალდ ტრამპის მრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა ძირითადად ორმხრივი თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პრობლემებზე სასაუბროდ.

კიევში ბოლტონმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მალე პოლონეთში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG