რუსთავში ააშენებენ კატასტროფებისათვის მზადებისა და მათზე რეაგირების რეგიონალურ ცენტრს, რომელიც საგანგებო სიტუაციებში დახმარებას გაუწევს სამხრეთ კავკასიისა და მეზობელ ქვეყნებს.
ამას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც რუსთავში ვიზიტის დროს ხელი მოაწერეს "წითელი ჯვრისა" და "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კერემ კინიკიმ და საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.
რეგიონალური ცენტრი მოიცავს საწყობსა და პირველად თავშესაფარს კატასტროფის დროს დაზარალებულებისთვის. მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ტერიტორია. გათვალისწინებულია გადამზადების ცენტრის გახსნაც.
მემორანდუმის ხელმოწერამდე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასა და მის მოადგილეებთან ერთდ საწყობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„რეგიონალური ჰაბი, რომლის მშენებლობას თურქეთის "წითელი ნახევარმთვარე" დააფინანსებს, ოპერირებისთვის გადაეცემა საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოებას", განაცხადა შეხვედრაზე კერემ კინიკიმ.
მისივე თქმით, ცენტრით ისარგებლებს "წითელი ჯვრისა" და "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობაც, რომელიც ემსახურება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.
ცენტრის მშენებლობა 1200 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 600 ათასი აშშ დოლარი ეღირება. თურქეთის "წითელი ნახევარმთვარე" დამატებით 400 ათას აშშ დოლარს გამოყოფს საწყობის კატასტროფების დროს საჭირო სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ბუნებრივი თუ არაბუნებრივი კატასტროფების დროს დაზარალებული მოსახლეობის პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვებით მოსამარაგებლად.
მემორანდუმზე ხელმოწერის წინ საქართველოს "წითელი ჯვრის" პრტეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განაცხადა, რომ რეგიონალური ცენტრის ბაზაზე გადაამზადებენ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.
რუსთავის მერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რეგიონალური ცენტრისთვის დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა. "წითელი ჯვრისა" და "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კერემ კინიკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგიონალური ცენტრის მშენებლობისთვის თურქეთის "წითელი ნახევარმთვარე" საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.