რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგება - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა მედიაციის პროცესი "საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტსა და „რკინიგზის ახალ პროფკავშირს“ შორის: „მხარეებმა მედიაციის პროცესში დეტალური ინფორმაცია გაცვალეს როგორც დასაქმებულთა საჭიროებებზე, ასევე კომპანიის შესაძლებლობებზე. მხარეებმა ორმხრივად მისაღები გამოსავალი იპოვნეს და შეთანხმება მიღწეულია. მენეჯმენტთან შეთანხმების შედეგად რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა უარი განაცხადა გაფიცვის უფლებაზე და შესაბამისად გაფიცვა არ შედგება.
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებითვე, უკვე მოგვარებულია სადავო საკითხები.
1. ხელფასების მენეჯმენტის მიერ დაანონსებული 10 %-იანი მატება დაიწყება 2019 დეკემბრის თვიდან;
2. 2020 წლის ოქტომბრიდან რკინიგზელთა დღესთან დაკავშირებით ის რკინიგზელები, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1250 ლარს, დამატებით, მენეჯმენტის მიერ დაანონსებული ორჯერადი პრემიისაგან დამოუკიდებლად მიიღებენ ფულად საჩუქარს 200 ლარის ოდენობით;
3. 2021 წლის ივნისიდან ყოველწლიურად, აუდირებული ფინანსური შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, კომპანიის მომგებიანობის გათვალისწინებით შედგება მოლაპარაკებები ხელფასების სეგმენტური გადახედვის მიზნით;
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები 2019 წლის 4 აგვისტოს დაანონსდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასის 50 პროცენტით მომატებას მოითხოვდნენ.