საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წაგებით. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ამ მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ორი შეხვედრის მოგება სჭირდება.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე ჰოლანდიელი მიხაელ კორელი იქნება. თუ მას აჯობებს, გადამწყვეტ ბრძოლაში სამხრეთკორეელი გუამ ჩოსა და რუსეთის ნაკრების წევრ ნიაზ ილიასოვის ნახევარფინალურ წყვილში წაგებულს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები საქართველოს დროით 14:00 საათზე დაიწყება.