Accessibility links

site logo site logo

დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს


ჩორჩანა

„ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც არღვევს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიკვეთება ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის ძალისმიერით“ - ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დე ფაქტო პარლამენტი უწოდებს „საქართველოს ხელისუფლების მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას“ და „აგრესიის დაუფარავ აქტს, რომელიც მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.“

„მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა საქართველოს ხელისუფლებაში, სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელია. საქართველოს პროვოკაციული ქმედებების მხარდამჭერი აშშ და ნატოს ქვეყნები პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ამიერკავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის ხელყოფის მცდელობებზე“ - ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში.

ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას „ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ფორმირების შეჭრას“ უწოდებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი განცხადებით, თბილისი კვლავ ცდილობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიმტკიცე შეამოწმოს“ და „პროვოცირებას უწევს ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელიც მთლიანად დაანგრევს რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების არსებულ კონსტრუქციას.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიუღებელია სრულიად გაუგებარი პოზიცია, რომელიც შემაშფოთებელი სიტუაციის მიმართ აქვთ ჟენევის სერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს გაეროდან, ევროკავშირიდან და ეუთოდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG