Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ევროკავშირის საზღვარი ყალბი საბუთებით გადაკვეთა


ჩეჩნეთის ომის მონაწილის, ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელმა, 49 წლის ვადიმ სოკოლოვმა, როგორც ირკვევა, ევროკავშირში შეღწევა ყალბი პასპორტით მოახერხა. ის რუსეთიდან ჯერ საფრანგეთში ჩაფრინდა, საიდანაც ბერლინში გაემგზავრა.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში ჩაცხრილეს. გერმანულმა გამოცემებებმა მალევე გაავრცელეს სავარაუდო მკვლელის სახელიც.

ჟურნალ „შპიგელის“, Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფისა და რუსული გამოცემა Russian Insider-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რომ სოკოლოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი, 2019 წლის ივლისში გაცემული პასპორტით შევიდა. თუმცა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა ასეთი სახელისა და გვარის და მონაცემების მქონე პიროვნებას ვერც ერთ მონაცემთა ბაზაში ვერ მიაკვლია.

ამ გვარ-სახელის ადამიანი ვერც რუსეთის საპასპორტო მონაცემთა ბაზაში მოძებნეს. ის არარსებული ადამიანის პასპორტით გადაადგილდებოდა და არარსებულ მისამართზე იყო ჩაწერილი.

სწორედ ამან აფიქრებინა გამომძიებელ ჟურნალისტებს, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მისი პასპორტის მონაცემები მონაცემთა ბაზიდან წაშლილი ყოფილიყო, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს მისი კავშირზე სპეცსამსახურებთან. „Bellingcat“-ი ვარაუდობს, რომ ვადიმ სოკოლოვის მონაცემები მის საფრანგეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანეს ბაზაში, შემდეგ კი კვლავ ამოიღეს.

ბერლინში ოფიციალური პირები დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ და მიანიშნებენ მხოლოდ მის რუსეთის მოქალაქეობაზე. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მათ ვერ მიიღეს ამ საკითხზე კომენტარი.

„შპიგელი“ კი იტყობინება, რომ გერმანის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება გამოძიების პროცესს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იყოს შეკვეთილი მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანს ზელიმხან ხანგოშვილს 23 აგვისტოს ბერლინში მაშინ ესროლეს, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.

ზელიმხარ ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში 29 აგვისტოს დაკრძალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG