Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს "კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ" მოუწოდებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას - სამინისტრო აცხადებს, რომ "სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რაც პროვოცირებული იყო ქართული პოლიციის მიერ სამხრეთოსური სოფლის, წნელისის სიახლოვეს პოსტის მშენებლობით".

სამინისტრო ამ ნაბიჯებს "პროვოკაციულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი გადაიდგა "თბილისის მრავალჯერადი უარის ფონზე ცხინვალის შეთავაზებაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე".

"ასეთ პირობებში სამხრეთოსური მხარე იძულებულია ყველა საინჟინრო სამუშაო ცალმხრივად განახორციელოს. ეს სამუშაოები მიმართულია უსაფრთხო პირობების შესაქმნელად მოსახლეობისთვის, სხვადასხვა ინცდენტის აღსაკვეთად. ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი" - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

"ბოლო პერიოდში თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა ვითარებას საზღვარზე, პროვოკაციული აქციებით და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიებით, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით ხორციელდებოდა" - აცხადებს სამინისტრო.

"მხარეებს მოვუწოდებთ თავდაჭერისკენ და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვის გაგრძელებისკენ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქართველი პოლიციელებისთვის საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს მშენებლობას ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმები მოყვა. ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანას მახლობლად აგებული ხის კონსტრუქციის დასაშლელად 29 აგვისტოს, ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს. ქართულმა მხარემ თქვა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება, ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.

30 აგვისტოს ჩორჩანას მახლობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიმართა ტექნიკური შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირაში ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამ შემთხვევაში შეხვედრის ადგილი კვლავ ერგნეთი იქნება. საგუშაგო ადგილზე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG