დღეს გაიმართება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც წინ უძღვის საშემოდგომო სესიის გახსნას.
პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა 15 საათზე დანიშნული ბიუროს სხდომის დღის წესრიგი. წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს.
საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინციცირებულია საკონსტიტუციო ცვლილების მეორე ვარიანტიც, რომლის თანახმად, 2020 წლის პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.