Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი უჩვენეს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენ აპარატს - კვადროკოპტერს, რომელიც 1 სექტემბერს ჩამოვარდა, ნატყვიარი არ აღენიშნება.

ეს აპარატი 2 სექტემბერს, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს აჩვენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მან მედიის წარმომადგენლებს თხოვა, აპარატი კარგად დაეთვალიერებინათ და გადაეღოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ზემოქმედების კვალი არ არსებობს.

შესაბამისად, ირაკლი ანთაძემ უსაფუძვლო უწოდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 1 სექტემბერს გამოთქმულ ბრალდებას, რომ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს ქართველმა პოლიციელებმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების კვადროკოპტერი 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეეჯახა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, "ძალა ერთობაშია"-ს ანალოგიურ საფრენ აპარატს. ეს დაადასტურა მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამაც.

მიუხედავად ამისა, 2 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა კვლავ განაცხადა, რომ "გენერალური პროკურატურის" კვადროკოპტერი სოფელ წნელისთან, დამიზნებით სროლის შედეგად ჩამოაგდეს ქართული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს გაყალბებული ვერსიის გავრცელებაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG