Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას პროტესტი მოჰყვა


გიგა მაქარაშვილი
გიგა მაქარაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან საყვირებით და შეძახილებით „სირცხვილი“ გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია მართავენ აქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

"საქართველოში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ღია კონფრონტაციაში შედის" - უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილს არ აინტერესებს მოსახლეობის აზრი, არ აინტერესებს გრძელვადიანი პროტესტი და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თავად უნდა.

მაქარაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი გამოიწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო გაბრაზებას და გაცილებით მასშტაბურ, ხალხმრავალ პროტესტს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

3 სექტემბერს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ამ თანამდებობიდან 2 სექტემბერს გადადგა მამუკა ბახტაძე.

XS
SM
MD
LG