Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ აღკვეთა "გავრილოვის რევოლუცია"


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია, რომ ე.წ. გავრილოვის რევოლუცია საქართველოში არ შედგა“ - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, უხერხული ხომ არ არის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინო გიორგი გახარია, რომლის გადადგომის მოთხოვნით ორ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, არშემდგარი რევოლუციის ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„შესაძლებელია, რომ მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაორგანიზებული აქციები ვერ იქნება მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების საფუძველი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა, რომ არ შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სპონტანურად, თუ არასპონტანურად დაგეგმილი „გავრილოვის რევოლუცია.“

„იქ რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე შემთხვევებიც, სხეულის დაზიანების ძალიან მძიმე შემთხვევები და მთელი ცხოვრება ამ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ. მსგავსი ნაციონალურ მოძრაობაში საერთოდ არ წარმოუდგენიათ, მათ ადამიანის ჯანმრთელობა და მკურნალობა საერთოდ არ აინტერესებთ, რადგან მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიან. და ჩვენ რელურად ვხედავთ მოვლენებს. პარლამენტის შტურმისკენ მოწოდება პარლამენტარის მიერ და პოლიტიკური სუბიექტის მიერ, ეს არის ნამდვილი სირცხვილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რატომ აღკვეთა გიორგი გახარიამ პარლამენტის შტურმი და ეგრეთ წოდებული გავრილოვის რევოლუცია, რომელიც ასე ძალიან სურდა ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ კითხვა იქნება ნათელი და საზოგადოება ამ კითხვაზე ყოველთვის სწორად სცემს პასუხს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

3 სექტემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ორ თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG