„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენა საზოგადოების შეურაცხყოფაა. მისი სიტყვებით ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან მიიღებს მძლავრ პროტესტს.
„ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, საზოგადოების, რომელიც სამართლიანად, სამი თვის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდა გახარიას და „ქართული ოცნების“ მხრიდან მთლიანად,სისასტიკეს, ძალადობას , კანონდარღვევას. ეს არის დემოკრატიის გათელვა და პირდაპირ განაცხადი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მინისტრი, რომელიც არღვევს კანონს, რომელიც არის ჯალათი და მოძალადე და რომელზეც საზოგადოება მღერის რომ მინისტრი არის თვალთხარია და უხარია თვალების დათხრა, სწორედ ის დანიშნა პრემიერ-მინისტრად, ოღონდ ყველა მთავარი არის, რომ ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი, იმიტომ, რომ საზოგადოებასთან ამ ენით საუბარი, საზოგადოების ასეთი შეურაცხყოფა, ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დასრულებით და ის აუცილებლად მიიღებს ძალიან მძლავრ პროტესტს რომელიც მათ აიძულებს, რომ არჩევნების გზით წავიდნენ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი სიტყვებით პროტესტი არის ახლაც და იქნება მუდმივი, ხელისუფლებას მოუწევს მთელი წლის განმავლობაში მუდმივი პროტესტის პირობებში ცხოვრება.
„პროტესტის ფორმები იქნება მშვიდობიანი, მრავალფეროვანი და მძლავრი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.
მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა პარტიის პოლიტსაბჭოს ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ.