საქართველოს პარლამენტმა 118 ხმით დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის და ამ მიზნით, 13 წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შექმნას.
3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 114 ხმით მიიღეს ამავე შინაარსის მეორე დადგენილებაც, რადგან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტია წარდგენილი. ორივე მათგანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
დადგენილებების პროექტები წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს, ქვეყნის გრელვადიანი დემოკრატიული განვითარების გარანტია შექმნა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ,“ როგორც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ გაითვალისწინა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოთხოვნა, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღი შეცვლილიყო.
„ჩვენ მას ვცვლით და ის ჩატარდება 2020 წელს პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ნულოვანი ბარიერით. ეს დემოკრატიული გადაწყვეტილება თვისობრივად ხსნის პოლიტიკურ სისტემას მონაწილეობისთვის. თითოეულ პოლიტიკურ ძალას და პარტიას, რომელსაც აქვს რეალური მხარდაჭერა, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას და ამომრჩევლებს თავისი პროგრამის უპირატესობაში, თავისი ლიდერების უპირატესობაში და თავისი გეგმების კონკურენტუნარიანობაში, აქვს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობა მოიპოვოს მომავალ პარლამენტში“ - თქვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დასაწყებად მომზადებული დადგენილებების მხარდასაჭერად პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც მანამდე დარბაზი დატოვეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენისადმი პროტესტის ნიშნად.
„სრულად ვიზიარებთ საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ბატონ გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას, მაგრამ საზოგადოების ამავე ნაწილის მოთხოვნის შედეგად საქართველოში გაჩნდა რეალური პერსპექტივა საარჩევნო სისტემის შეცვლის და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის. ამიტომ, ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია და ოპოზიცია ვალდებული ვართ არ დავუშვათ ამ პერსპექტივიდან უკან დახევა და არ მივცეთ არავის საბაბი იმის თქმის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ან აკლდება ხმები ამ ინიციატივაზე გადასვლას“ - განაცხადა კენჭისყრის წინ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
"ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.