საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ჩხაიძემ „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გააკრიტიკა. 37 წლის მორაგბე ყოფილი თანაგუნდელის, მერაბ კვირიკაშვილის, მსოფლიოს თასის განაცხადს მიღმა დატოვების გამო განაწყენდა და სოციალურ ქსელში ეს სტატუსი გამოაქვეყნა:
„ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!
ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც ოთხი მსოფლიოს თასი აქვს ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ, თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში ორ კაცს აქვს ნათამაშები ხუთჯერ მსოფლიოს თასზე. ისტორიაში არიან ჩაწერილები და მათი ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია ხუთი ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც. მე როგორც ვიცი, სამ კვირაზე მეტია, მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს, იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში, როგორ შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ hქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ. არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ“.
მსოფლიოს 2019 წლის თასი იაპონიაში გაიმართება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასზე წასაყვან შემადგენლობაში 31 ქართველი მორაგბე შეიყვანა.