Accessibility links

პარლამენტი იწყებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას


საქართველოს პარლამენტი იწყებს გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვას.

დღეს, 4 სექტემბერს 10 საათიდან საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები მოუსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს.

14 საათიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებში წარდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG