ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანმა, შესაძლოა, გადადგას "ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი", რომლითაც დაშორდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, როჰანი დასძენს, რომ ევროპას კიდევ ორ თვეს მისცემს ხელშეკრულების გადასარჩენად, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა მხარემ "დღეს ან ხვალ" მიაღწიოს შეთანხმებას.
ირანის მედიის თანახმად, როჰანი ამ განცხადებით გამოვიდა კაბინეტის შეხვედრაზე, 4 სექტემბერს, და ასევე თქვა, რომ თეირანი გამოაცხადებს "მესამე ნაბიჯს", რომლითაც შეამცირებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უფრო ინტენსიურს გახდის თავის ბირთვულ მოქმედებებს. როჰანის თქმით, ეს მესამე ნაბიჯი იქნება "ყველაზე მნიშვნელოვანი" და მას "განსაკუთრებული შედეგები ექნება".
როჰანის განცხადების ფონია ახლახან გამართული მოლაპარაკებები ირანს, საფრანგეთს და რუსეთს შორის, იმ მიზნით, რომ გადარჩეს 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც შარშან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეთიშა.