საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიცრუედ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან:
„რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების, მნიშვნელოვანი თემატიკის განხილვისას საქართველო იყო დასახელებული, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი და საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის პროცესი. ასევე ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენი თემატიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული თემატიკა, მისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში გამოიტანა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს შესახებ იყო საუბარი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრების დროსაც.
„მაქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების დროსაც, ბოლო შეხვედრაზეც და მანამდე გამართული შეხვედრაზეც, ჩვენს თემატიკაზე იყო საუბარი.
დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესს თავისი სპეციფიკა აქვს, თავისი ნიუანსები აქვს. ხშირად მოლაპარაკების პროცესში გაჟღერებული თემატიკა, შესაძლოა, დარჩეს მოლაპარაკების პროცესში და არ იყოს საჯაროდ გაჟღერებული ტაქტიკური მოსაზრებების გამო, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ ყველა დონეზე, ჩვენს ყველა დასავლელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ საკითხს ვაყენებთ, რომ საქართველო წინ იყოს წამოწეული მათი ორმხრივი ურთიერთობის საკითხში რუსეთთან და ეს არის ფაქტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სამი საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც მან სამთავრობო პროგრამის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა.