Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს


ნიკოლას სომსი
ნიკოლას სომსი

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს ბრექსიტის თარიღის გადატანის შესახებ. მათ შორის აღმოჩნდა ნიკოლას სომსი - უინსტონ ჩერჩილის 71 წლის შვილიშვილი. ის პარტიის წევრი იყო უკანასკნელი 36 წლის განმავლობაში, 2014 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ის რაინდად აკურთხა, მაგრამ სომსს ჩამოერთვა უფლება, კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შემდეგ არჩევნებში.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონი წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ პარლამენტის დღის წესრიგის შეცვლას. მაგრამ დეპუტატები ასე არ მოიქცნენ და, ამგვარად, დღეს განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც კრძალავს დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს, თუკი იმ მომენტისთვის პარლამენტი არ მოიწონებს ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას. ეს ეწინააღმდეგება ჯონსონის დაპირებებს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს ევროკავშირს ოქტომბრის ბოლომდე, მაშინაც კი, თუკი ბრიუსელთან შეთანხმება ვერ მოხერხდება.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ თუკი დეპუტატები მხარს დაუჭერენ ბრექსიტის ვადის მორიგ შეცვლას, ის პარლამენტს რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG