Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: გლდანში ერთი თვის წინ გახსნილი პარკი გაუბედურებულია


თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის გლდანის რაიონში სამ ჰექტარზე მოწყობილი, დაახლოებით ერთი თვის წინ გახსნილი პარკი დაზიანებული და გაუბედურებულია - ამის შესახებ 4 სექტემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან დაზიანებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები წარმოადგინა.

„უბრალოდ, გული მწყდება იმიტომ, რომ ის, რაც კეთდება, რასაც ვახორციელებთ, ეს ყველაფერი კეთდება ისევ და ისევ, თქვენი ფულით. ჩვენი ხელფასიდან გარკვეული გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან“ - მიმართა მოქალაქეებს კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები და სკვერები კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს იქ ყოფნა ესიამოვნოს, მწვანე სივრცეში დაისვენოს და კომფორტული გარემო ჰქონდეს.

„თუ ეს დავამტვრიეთ, დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ, კეთებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს. მინდა დავავალო ჩვენს სამსახურებს, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ ზომები. დაამატეთ კამერები და დავაყენოთ ადამიანები, ვინც დროებით მაინც პატრულირებას გაუწევს. თუმცა, მგონია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი და ყველა ბედნიერი იყო და ყველანი ვამაყობდით, რომ ასეთი მაგარი რაღაც გამოვიდა. თუ დავამტვრიეთ და დავანგრიეთ, რაზეა ზოგადად, საუბარი?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის პარკს, ამიტომ ვანდალიზმის წინააღმდეგ და ქალაქის მოსავლელად ყველა უნდა გაერთიანდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG