Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩევს, შეწყვიტონ ბოიკოტის პროცესი


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენის პროცედურას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა:

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთგვარი გაურკვევლობაა საპარლამენტო ოპოზიციაში. მათ ერთის მხრივ სურთ საპარლამენტო პროცესში იყვნენ ჩართული და შეასრულონ ოპოზიციის სრულფასოვანი როლი და მეორეს მხრივ ისინი იმ პროცესში, რაც ევალება ოპოზიციას, არ მონაწილეობენ.

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენს ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში. თუმცა, ეს არის მათი მისაღები გადაწყვეტილება. ევროპული ოპოზიცია არის ის ოპოზიცია, რომელიც მონაწილეობს განხილვაში და უწევს ოპონირებას სახელისუფლებო პარტიას. თუ ვინმე არქმევს თავს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ, ის უნდა იყოს ჩართული პროცესში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია არის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და აქვს პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, როგორც ეკონომიკურ ასევე ძალოვან სექტორში.

ოპოზიციურმა პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვეს მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე.ისინი არ დასწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის პროგრამის მოსმენას სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში გრძელდება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატების, მიხეილ ბატიაშვილისა და ქეთევან ტიკარაძის მოსმენაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

XS
SM
MD
LG