Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე: კიდევ უფრო დამძიმდა სურათი აგვისტოს შემდეგ


პარლამენტის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას აფასებს. სასამართლო ხელისუფლებამ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი საბოლოოდ შეარჩია. ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში კანდიდატების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„მგონია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის მორჩილი უმრავლესობა, იქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნაბრძოლი ჩემთან ერთად, ან მე მათთან ერთად. არიან ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დავიჯერო, მათ პროტესტი არ ექნებათ, როდესაც ამ გვარებს კონკრეტული საქმეებით გაიხსენებენ? გამიკვირდა, რომ არავის ეს რეაქცია არ გამოუხატავს“, - თქვა ბესელიამ IPN-ის ცნობით, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, მძიმე საყურებელი იყო, „პრობლემებს გაქცეული კაცების" ნახვა.

„ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ. მთლიანობაში კიდევ უფრო დამძიმდა სურათი აგვისტოს შემდეგ. მე რამდენიმე კოლეგას ჯერ კიდევ უმრავლესობიდან ვესაუბრე და სხვათა შორის, არ დამალეს, რომ ისინიც არიან შეწუხებულები ამ ვითარებით. მე ვგულისხმობ მებრძოლ ჯგუფს, რომლებსაც სხვა ისტორია აქვთ, მაგრამ დღეს სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ საუბრობენ და პირად საუბარში ვერ მალავდნენ თავიანთ წუხილს, უკმაყოფილებას გარკვეულ შეუთავსებლობას ამ რეალობასთან. ალბათ არის მიზეზები, რომ ვერ ამბობენ ამ მიზეზებს. ჩემთვის არ არის გასაგები მიზეზები, რის გამოც ვერ ამბობენ“, - აღნიშნავს ბესელია.

4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო სიაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG