„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ერევათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები.
„ყველა განვითარებულ ქვეყანაში ოპოზიციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებისთვის. მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, კონკრეტული პროგრამები, ნაკლოვანებები და სწორედ ამით აღმოიფხვრას ხარვეზები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული, ისინი დგამენ სანახაობებს და შოუებს. სამწუხაროდ, მათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები ერთმენთში ერევათ“ - უთხრა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მეორე დღეა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, რომელსაც არ ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების დეპუტატები.
მათი პოზიციაა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენა საზოგადოებაზე ძალადობა და მისი შეურაცხყოფაა, რადგან ორ თვეზე მეტია მოქალაქეთა ნაწილი მოითხოვს გახარიას გადადგომას 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლის გამო.