თუ დანაშაული აღიკვეთა, „არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“ - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, რომელიც მან გომელაურს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს დაუსვა.
„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერები, ტელევიზიის საშუალებით და მერე პრემიერ-მინისტრმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ ძალიან დიდ ტერორისტულ საფრთხეს. თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს გამოძიება? ვიცით, რომ რეალურად საფრთხე აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებულები არიან?“ - ჰკითხა გოგიჩაიშვილმა გომელაურს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვა დეპუტატების მიერაც დასმული შეკითხვებისთვის პასუხების გაცემისას ვახტანგ გომელაურს ლევან გოგიჩაიშვილისთვის არ უპასუხია, რის გამოც დეპუტატმა შეკითხვა გაუმეორა და თქვა, რომ საუბარია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე სავარაუდო ძალადობრივი აქტის შესახებ.
„პირდაპირ რომ გეთქვათ ეგ თემა, კარგი იყო. მინიშნებებით მითხარით და ვერ მივხვდი, რომელმა პრემიერმა თქვა, რომელ ტერორისტებზე და ვისზე ლაპარაკობთ. გულისხმობთ ალბათ, მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე ვთქვათ, რა ჩანაწერიც გავიდა“ - მიმართა გომელაურმა გოგიჩაიშვილს.
„მთლად ღიად ვერ ვისაუბრებ, ღია ეთერია და ბოდიშს მოგიხდით. თუმცა, არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო. მთავარია, დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას, გასაჯაროვდა და რა თქმა უნდა, ეს თემა გაჩერდა. იქიდან გამომდინარე აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. აღიკვეთა ეს დანაშული. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის მაისში განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა ამ სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ.