Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ერთ-ერთ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას ასახელებს


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა მართლწესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან ერთად სამინისტროს მიზნად დაასახელა პოლიციისადმი მოქალაქეთა ნდობის გაღრმავება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას გომელაურმა ძირითადად, ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც შსს-ში უკვე მიმდინარეობს და თქვა, რომ ეს პროცესი ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

მინისტრობის კანდიდატმა პრიორიტეტად დაასახელა ადამიანის უფლებების დაცვა და დაზარალებულთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა თქვა, „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს და ეფუძნება საპოლიციო საქმიანობის ხარისხს, ადამიანის უფლებებს და ეფექტიანობას“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი განმარტებით, რეფორმა შეეხება ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს და მოიცავს ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ განვითარებასაც.

გომელაურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჩაირთვება 5 000-მდე კამერა, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლის, საქმის გახსნისა და დანაშაულის პრევენციისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებით, პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომხდარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ, ინფორმაციას ინტერნეტით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე მიაწვდის შესაბამის დანაყოფებს.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის და პრევენციის მიზნით მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. გომელაურის თქმით, თბილისში ფუნქციები უკვე გამიჯნულია, ეს პროცესი გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა რეფორმის მიზნებად დაასახელა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნაც, გამომძიებლის დამოუკიდებლობა და გამოძიების ხარისხის ამაღლება.

გომელაურის პრიორიტეტებს შორისაა საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის შემდგომი განვითარება და საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდა და ამ სამსახურის ინფრასტრუქტურის და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება. ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს გმირები უწოდა და მათ მადლობა გადაუხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG