Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური - პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია


პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია, - უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

გომელაური მიიჩნევს, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელია. არა მარტო ეს, მე ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მითუმეტეს, პოლიციელის მკვლელის,ეს ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ.

22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია„იმედს“ უთხრა, რომ არ უპასუხებს, რატომ შეიწყალა მსჯავრდებული, ვინაიდან ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და განხილვას არ ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG