Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს ეუთოდანაც მოუწოდა, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია


ეუთოში აშშ-ის ელჩი ჯეიმს გილმორი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე.

გილმორის განცხადებით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთის მცდელობა, შეცვალოს ისტორიული ფაქტები და შექმნას მცდარი ნარატივი, კვლავ ხელყოფს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და წარმატებული ვერ იქნება.

აშშ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განახლდა ღობეების აღმართვა. ჯეიმს გილმორის განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართველებზე და მათ ჰყოფს საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან. აშშ-ის ელჩის განცხადებითვე, ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.

აშშ-ის მოწოდებაა ახალი ღობეების მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“ - განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს დაკვირვებას ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ცნობებზე, რომ რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო ძალა გაზარდა. გილმორის განცხადებით, აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას.

ამასთან, აშშ მიესალმება დაძაბულობის შესამცირებლად 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და მუშაობა გააგრძელონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით. აშშ რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს თავისი ძალები და ყველა საშუალება გამოიყენოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG