Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება


ერგნეთი
ერგნეთი

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

12 საათზე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით შეხვდებიან რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბოლო ერთ კვირაში ეს მესამე ტექნიკური შეხვედრაა.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია.

დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო. წინა ორი ტექნიკური შეხვედრის შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის გადატანას არ აპირებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო "უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.“ ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არცერთი მხარის საგუშაგო არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG