Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვმა მოითხოვა ე.წ. საზღვარზე „საქართველოს მხრიდან ანექსიის საფრთხეთა“ შესწავლა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს დაავალა შეისწავლოს ე.წ. საზღვრის ის მიმართულებები, სადაც შესაძლოა, არსებობდეს „საქართველოს მხრიდან ანექსიის საფრთხეები.“

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „რეს“-ის ცნობით, ეს დავალება ბიბილოვმა „უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარეს, ოლეგ შირანს მისცა. მისი განცხადებით, ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად მზად არიან და უკვე განსაზღვრულია ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც დამატებითი მუშაობაა საჭირო.

ბიბილოვის და შირანის ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ოსური „სასაზღვრო საგუშაგოს“ განთავსების პროცესი, რომლის მიზნად დე ფაქტო ხელისუფლება ასახელებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან საგუშაგოს მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო განთავსდა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის გადატანას არ აპირებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო "უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.“ ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არცერთი მხარის საგუშაგო არ იქნება.

რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარე პოლიციის საგუშაგოს „უკანონო“ მშენებლობას აწარმოებს ე.წ. საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთთან, ჯავის რაიონის სოფელ სინაგურსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევს შორის, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავადვე უარყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG