Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია დემარშზე: ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე


მინისტრობის კანდიდატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაშით გააცილეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა.

„სინამდვილეში, რაც ეხლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ. სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

„20 ივნისის ღამეს ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ხალხი აქ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იჯდნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - მიმართა გახარიამ მინისტრობის კანდიდატებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პასუხი არ გასცა ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას: „მაკო გომური, რომელიც ქვემოთ დგას, აქვს თუ არა უფლება, იყოს ეხლა ამ დარბაზში?“

პარლამენტთან მიმდინარე აქციის, „სირცხვილიას“ ორგანიზატორების ინფორმაციით, მაკო გომური ამჟამად თბილისში არ იმყოფება, თუმცა, მის სახელზე დაშვებული იყო საშვი პარლამენტში შესასვლელად.

სამართალდამცავების მიერ 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს, 19 წლის მაკო გომურმა თვალი დაკარგა.

XS
SM
MD
LG