Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომურის კითხვა გიორგი გახარიას ელენე ხოშტარიამ წაუკითხა


ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მას მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20-21 ივნისის მოვლენების დროს ცალი თვალი დაკარგა.

„მინდა მაკო გომურის კითხვა წავიკითხო, რომელმაც მთხოვა, რაკი მას კითხვის დასმის საშუალება არა აქვს, ეს წავიკითხო: - რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“, - წაიკითხა მაკო გომურის სახელით პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაიხადა ტრიბუნიდან. მან განმარტა, რომ ეს იყო არა შეკითხვა, არამედ უბრალოდ შეფასება.

როგორც აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ვინაიდან პარლამენტის საშვთა ბიუროს სისტემას პრობლემა ჰქონდა და დილიდან საშვის დაშვებაზე უარი უთხრეს, მაკო გომურს შესთავაზეს, თუ გიორგი გახარიასთან ექნებოდა შეკითხვა, შეეძლო მისი გამოგზავნა და მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დარბაზში მყოფი ადამიანი დაუსვამდა.

გიგა მაქარაშვილის თქმით, კითხვა მაკო გომურმა პირადად მას გაუგზავნა, მან კი ელენე ხოშტარიას მიაწოდა.

„მან [გიორგი გახარიამ] მადლობა გადაუხადა შეფასებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი გასულია მორალური ზღვრიდან. ვეღარ აზროვნებს, რა უნდა თქვას“, - აღნიშნა გოგა მაქარაშვილმა.

პარლამენტში მიმდინარეობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომა. მასზე დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, კითხვებს უსვამენ.

სხდომის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, შეხვედრაზე დასწრების მიზეზი განმარტა.

„პირდაპირ მინდა, საზოგადოებას განვუცხადო, რომ ჩვენ ამ შეხვედრას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ბატონ გახარიას, ან პროფესიონალურად, ან ადამიანურად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავის თავი გამოავლინა და რაც გააკეთა როგორც ჯალათმა 20 ივნისს. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც 80 დღის განმავლობაში აპროტესტებენ იმას, რაც მოხდა 20 ივნისს და გააჩნიათ კონკრეტული კითხვები. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებთ იმის გამო, რომ ეს კითხვები დაგროვდა საზოგადოებაში, მათ შორის, იმ ადამიანებში, რომლებიც შეიძლება ფიზიკურად რუსთაველზე არ დგანან. ჩვენ ვართ, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია, ვალდებულნი, რომ დავსვათ ეს შეკითხვები პარლამენტის ფარგლებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

XS
SM
MD
LG