Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: „ოცნება“ თუ ჩემგან გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ


„პრობლემა არის ეს მიკროფონი“, - თქვა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე და „მთავარი არხის“ ლოგოზე მიუთითა.

როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ამბობს, უკვე დაასრულა ცხოვრების მთავარი საქმე და მისი იზოლირება არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

„ამ ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არ მიმაჩნია პრობლემად, რომ დაგვაკავონ მეც და სხვებიც. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური ხელისუფლების საზღვრებიდან გადასულია. მედიის დაფუძნების გამო - მხოლოდ და მხოლოდ ამ მთავარი მიზეზით, იმიტომ, რომ ამ მიკროფონის კომპანიას არაფერი ეშველა. ჩვენგან ვერავინ წაიყვანა. დასრულებულია უკვე ეს ამბავი. იქ [„რუსთავი 2“-ში], ვინც მუშაობს, არის დამკრძალავი ბიურო. ჩვენთან არის ყველა, ვინც ქვეყანაში მაგარია. ამას არ უშველის ნიკა გვარამიას დაკავება. ფასეულობა ვისაც ჰქონდა, წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ღიად ვაცხადებ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან ერთად თუ არ იქნება. ერთადერთი, ეკა კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით „დაობლდეს“, - ამბობს გვარამია.

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას გვარამია ოფიციალურად აბარებს დიმიტრი საძაგლიშვილს.

როგორც გვარამიამ ამბობს, „ქართული ოცნება“ თუ მისგან დიდი სიამოვნებით გააკეთებს ნელსონ მანდელას, ამას ისიც სიამოვნებით მიიღებს.

„როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - ამბობს გვარამია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ტელევიზიის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. მას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას ედავებიან.

ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს, 6 სექტემბერს, დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

XS
SM
MD
LG