Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი იმ მიზეზებს ჩამოთვლის, რის გამოც არ უჭერს მხარს ახალ მთავრობას


მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს, ჩვენთან გადმოდით, ჩვენთან, ჩვენ ვართ მომავლის პარტია“, - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობის შემაჯამებელ სიტყვაში ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამო პარტია არ უჭერს მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

„ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ თქვენ განზრახ, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, არ დასაჯეთ და არ სჯით სააკაშვილ-ბოკერიებს. მეტიც, ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს. და თქვენ მოქცეულები ხართ სააკაშვილების და ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, ამერიკა რას იტყვის, ევროკავშირის ელჩი რას იტყვის? ქართველი ხალხი რას იტყვის, ამაზე უნდა იფიქროთ თქვენ. ყველაფრის გეშინიათ, პატარა ბავშვებივით ხართ, რაღაც ფობიები დაგემართათ, ის რას იტყვის, ეს რას იტყვის, ქართველი ხალხი რას იტყვის, ესაა მთავარი.

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ კი ლაპარაკობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ თქვენი ქმედებებიდან არ ჩანს, რომ რეალურად გაინტერესებთ სოხუმი და ცხინვალი.

თქვენ არ ებრძვით აჭარაში თურქულ ექსპანსიას. იღწვით თქვენ დავით გარეჯისთვის?...

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ ქვეყანაში მიდის მიზანმიმართული შეტევა ქართული აზროვნების, ჩვენი ტრადიციების, კულტურის, რწმენის წინააღმდეგ და თქვენ რეალურად არაფერს აკეთებთ ამის შესაჩერებლად.

ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ ხელისუფლების ყველა რგოლში, წამყვან, მაღალ თანამდებობებზე, თქვენ მოიყვანეთ სააკაშვილ-ბოკერიების ხალხი“.

ირმა ინაშვილმა მოუწოდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამოიღოს ე.წ. კასრების კადრები, რათა, მისი თქმით, საზოგადოებამ გაიხსენოს, თუ რა საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის „ნაციონალური მოძრაობა“.

„სად არის ეს კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ეს კადრები ხალხს, რომ გამოიღვიძონ და იმ თაობას ვაჩვენოთ, ამ შვიდი წლის განმავლობაში გაზრდილ თაობას, რომელსაც აღარ ახსოვს, რა ხდებოდა, როგორ აღმოაჩინეთ სამეგრელოში ის კადრები და რა სადიზმს ჰქონდა ადგილი“.

ირმა ინაშვილმა მთავრობის მომავალ წევრებს მოუწოდა, დაიწყონ ფიქრი და მსჯელობა სამხედრო მიუმხრობლობაზე:

„ეს არის ევროპული მოდელი და გარწმუნებთ, რომ სამხედრო მიუმხრობლობის ეს მოდელი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც. ეს ყველასთვის გამოსავალი იქნება. ეს გამოსავალი იქნება ნატოსთვისაც, რომელიც რეალურად არ გვიღებს ჩვენ ალიანსში. ნატო თვითონ ამბობს ამას, რომ უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში არ მიგვიღებს. და როდემდე უნდა ვიყოთ ასპირანტებისა და აბიტურიენტების დონეზე? ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარების სულ სხვა გეზზე, რაც არ გულისხმობს უარის თქმას ევროინტეგრაციაზე“.

7 სექტემბერს საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებმა“ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG