Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოძისში ჩავიდნენ


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ოძისში. 2019 წლის 8 სექტემბერი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ოძისში. 2019 წლის 8 სექტემბერი

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გასაცნობად სოფელ ოძისში ჩავიდნენ „თბილისის საერთაშორისო კონფერენციის" მონაწილეები, აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. მათ შორის არიან ამერიკელი დიპლომატები მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი.

ოძისიდან კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.

ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება გააცნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. ბოლო პერიოდის ფაქტებს შორისაა ე.წ. საზღვრის გავლება სოფელ გუგუტიანთკართან, ოსური საგუშაგოს განთავსება სოფელ წნელისთან და დაბა ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნება.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ განმარტავს, რომ „წელს მსოფლიო აღნიშნავს ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელს. დღეს, დემოკრატიის კრიზისის, კორუფციის და ავტორიტარიზმის აღზევების ფონზე, მსოფლიო ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ მომდევნო 30 წლის მშვიდობის, ერთიანობის და დემოკრატიის დღის წესრიგი“.

XS
SM
MD
LG