ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პარლამენტის წინაშე პირველად წარდგა.
„ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც ამ დარბაზში სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი. ის იქნება ეროვნული ორგანო და არა ვინმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი გაბაიბურებული რაღაც კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს და მისი მეშვეობით დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა ამ დარბაზში, ამ შენობაში. შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი“, - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში ნიკა მელიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა: - „იმაზე ადრე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ“.
მელიას შეფასებით, დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რაც პირველ რიგში გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლელობით.
დეპუტატი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ სწორედ მათი მეშვეობით აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი რუსულ რეჟიმს, ყველა თავისი ატრიბუტით.
როგორც ნიკა მელია ამბობს, საქართველოს მრავალსაუკონოვან ისტორიაში არცერთი ფაქტი არ არსებობს, როდესაც მოღალატეს უთქვამს, რომ ის არის მოღალატე.
„თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს - ციციანოვ-ერმოლოვთან, ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, როდიონოვ-ლებედთან, გავრილოვ-პუტინთან, ჩახალიან-შკრილნიკოვთან, ივანიშვილ-გახარიასთან. თქვენ ამ ისტორიაში თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი პერსონაჟობის როგორობა. თქვენი ადგილი არ არის მორალურად და ზნეობრივად სწორ მხარეს“, - თქვა ნიკა მელიამ.
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის დღეს, 8 სექტემბერს.