Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ახალი მინისტრი რეფორმების გეგმის წარმოდგენას უახლოეს ხანში აპირებს


 ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი. მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული მთელი ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განახლებულ მთავრობაში იკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.

პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჯარის აღმშენებლობა, მასზე ზრუნვა და უკეთესი სოციალური პირობების შექმნა.

„რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათი ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში. საუკეთესო პრაქტიკებს გადმოვიტანთ ჩვენს ჯარში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს დაპირებულ რეფორმებს. „ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ქვეყნის პოტენციალი გამოვსტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რაც მთავარია, დავახვედრო ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ნდობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გახარიას, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და 2019-2020 წლების პროგრამას.

მთავრობაში მხოლოდ ორი საკადრო ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორიას ცვლის პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას - ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG