"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს გადაიხდის. ფეისბუკის პირად გვერდზე გვარამიამ დაწერა, რომ 9 სექტემბერს იწურება გირაოს გადახდის ვადა და მატულობს მისი მეგობრების, კოლეგების და ოჯახის წევრების მღელვარება.
"გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა", - დაწერა ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ.
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის ოდენობით გირაო დაუწესა. ის აცხადებდა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა და ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო.
"ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ", - წერს ნიკა გვარამია.
გვარამიას საჯარო პოსტს მისი მეგობრები და კოლეგები უწონებენ და სოციალურ ქსელში წერენ, რომ მისი ეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ყველაზე სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილებაა.