მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც უახლოეს დღეებში დაფუძნდება, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად მამუკა ხაზარაძე აქვეყნებს:
„მეგობრებო, როგორც დაგპირდით ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება. ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან.
ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია - წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“,- აღნიშნულია ფეისბუკპოსტში.
თავად ანა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ არსებობს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა, საჭირო დროს საჭირო ნაბიჯი გადადგა. „მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
„მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალ-ცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ.
სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ!“ - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღი 2 დღეში გამოცხადდება. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში პოლიტიკური პარტიაც შეიქმნება.