საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში რეგისტრაცია გააუქმა ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს და ფულადი ჯარიმა დააკისრა 77-ს. ამის მიზეზი გახდა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, „სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსსა და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია.