Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის და ითხოვს მისთვის 221 952 ლარის დაკისრებას


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გია ვოლსკის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო სასამართლოში უჩივის და აღნიშნული განცხადებების საჯაროდ უარყოფას მოითხოვს.

ბადრი ჯაფარიძე მოითხოვს ასევე გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221952 ლარის ოდენობით. განცხადებაში, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ეს თანხა ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

"ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს.

ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა.

ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნულია ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში, რომელშიც გია ვოლსკის ცილისმწამებლური განცხადებების თვალსაჩინოებისთვის ერთ-ერთი ლინკიცაა მოცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG