Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორედ უკუაგდო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინადადება


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ წუხელ მეორედ უკუაგდო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინადადება, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

ინიციატივას 293-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბრიტანეთის კანონმდებლობით, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად მთავრობას ესაჭიროება თემთა პალატის ორი მესამედის, ანუ 434 დეპუტატის მხარდაჭერა. ამგვარად, 31 ოქტომბრამდე, როცა არის დაგეგმილი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, ქვეყანაში აღარ არის შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ბორის ჯონსონმა ადრე განაცხადა, რომ ნებისმიერ პირობებში გაიყვანს ქვეყანას ევროკავშირიდან - შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა ბრიუსელს არ სთხოვს ვადის გადატანას.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი „ძალდატანებით არდადეგებზე“ მიდის 14 ოქტომბრამდე.

კენჭისყრის წინ თემთა პალატამ მთავრობას მოსთხოვა, გამოაქვეყნოს კრიზისული სამოქმედო გეგმა „მყარი ბრექსიტის“, ანუ იმ შემთხვევისთვის, თუკი ევროკავშირთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება. დეპუტატები ასევე მოითხოვენ წვდომას მთავრობის წევრებს შორის მიმოწერაზე, რომელშიც საუბარია ერთ თვეზე მეტი ხნით პარლამენტის მუშაობის შეწყვეტისთვის მზადებაზე.

ჯონსონის ოპონენტებს აქვთ ეჭვი, რომ ის ცდილობს, საზოგადოებას დაუმალოს პარლამენტის დროებით დახურვის მიზეზები. მანამდე ჯონსონი ამბობდა, რომ მისი გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული სურვილთან, გაიადვილოს საქმე და მიაღწიოს „ბრექსიტს შეთანხმების გარეშე“ ისე, რომ არ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა.

ახლახან დედოფალმა ელისაბედ II-მ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას უკრძალავს ბრექსიტს ევროკავშირთან შეთანხმებისა და კანონმდებელთა თანხმობის გარეშე. კანონი ავალდებულებს მთავრობას, 18 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე სცადოს შეთანხმების მიღწევა. ბრიუსელის მიერ ამ თხოვნის უარყოფის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა ითხოვოს ბრექსიტის ვადის გადატანა 2020 წლის 31 იანვრისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG