Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ და კარლ ჰარცელმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ხაზი გაუსვეს ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის, როგორც უპრეცედენტო და საქართველოსთვის შექმნილი პლატფორმის, მნიშვნელობა. გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ფორმატი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი გახარიამ და კარლ ჰარცელმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ევროკავშირის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის ბარიერების შექმნის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG