რუსეთის მოქალაქეს ესტონეთში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობისთვის. განაჩენის შესახებ, რომელიც სასამართლომ 29 აგვისტოს გამოიტანა, ესტონეთის მედია დღეს იტყობინება. ბრალდებულის ვინაობა უცნობია.
როგორც იტყობინებიან, ის საპროცესო გარიგებაზე წავიდა. სასამართლომ ასევე კონფისკაცია გაუკეთა რუსეთის მოქალაქის 1300 ევროს, „რომელიც დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული“.
ესტონეთის უშიშროების პოლიციამ დაკავების შესახებ მაისში გაავრცელა ცნობა, რომელშიც მითითებული იყო ეჭვმიტანილის ინიციალები - "А.А.". რუსეთის მოქალაქეს ესტონეთის წინააღმდეგ არაძალადობრივი ხასიათის ქმედებაში ედება ბრალი. ბრალდების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, იტყობინება უშიშროების პოლიცია.