საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გიორგი გახარიას მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს 10 საათზე გაიმართება, განაცხადა სხდომაზე გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის ძირითადი პრინციპები იქნება, „საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა“. პრემიერ-მინისტრის თანახმად, მთავრობის პრინციპი უნდა იყოს ასევე ღიაობა.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მიმდინარე მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია.