Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ მოითმენს ირანის მოქმედებებს


მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უნდა მიეცეს თავისუფლად მოქმედების უფლება ირანის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს. 12 სექტემბერს ბენიამინ ნეტანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი საკურორტო ქალაქ სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს, ძირითადად სირიის გარშემო უსაფრთხოების კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.

კერძოდ, როგორც ისრაელი, ისე რუსეთი დაინტერესებული არიან, რომ აიცილონ შეტაკება სირიაში, სადაც ორივე ქვეყანას აქვს სამხედრო ინტერესები. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, ხოლო ისრაელმა ბოლო ხანს, რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანა ირანის სამხედრო ელემენტებზე სირიაში, რათა არ მისცეს თეირანს შესაძლებლობა, განათავსოს მუდმივი სამხედრო ბაზა მეზობელ სახელმწიფოში.

„ჩვენ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან გასულ თვეში ირანს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ განეთავსებინა მაღალი სიზუსტის რაკეტები სირიის ტერიტორიაზე და იქიდან მიეტანა იერიში ისრაელზე“, - განაცხადა ნეტანიაჰუმ.

ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინმა და ბენიამინ ნეტანიაჰუმ დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში ილაპარაკეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა, რუსეთი და ისრაელი, შეთანხმდნენ, განაგრძონ დიალოგი სირიაში მათი სამხედროების საქმიანობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG