Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: „ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“


ნიკა მელია

რისთვის უნდა დააპატიმრო დეპუტატი, პოლიტიკურ ტოქშოუში მონაწილეობისთვის? ეს შეკითხვა დაუბრუნა დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პასუხად კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად დატოვების გამო.

„მე ვარ მზად, შევასრულო ჩემი უფლებამოსილება დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის, კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, აქ რომ არის.

ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, პარლამენტში იგი პროკურატურის ნებართვით მივიდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს მასთან სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმს ადგენდნენ, სად არის ნიკა მელიაო?!

„რა მოხდა, არ იცოდა პრობაციის სააგენტომ, რომ მელია პარლამენტშია და არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო. არა, უბრალოდ, იქ, ამ მთის გადაღმა რომ ცხოვრობს ადამიანი, ჩამოარტყა ხელი მაგიდას და თქვა, რომ ეს მელია დაააბით სახლშიო და მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს“, - აღნიშნა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ნიკა მელიამ. საგამოძიებო ორგანომ იგი 16 საათზე დაიბარა, რათა განემარტათ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას, რაც განმეორების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პირობაა.

„არ არსებობს, შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს არ დავარღვევ, კონსტიტუციას არ დავარღვევ, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შესრულების გამო დააკავო ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო დეპუტატი, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურატურა მან შესვლიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ დატოვა, რაც გაფრთხილების ოქმი გადაეცა.

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG