Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხარტიშვილი: ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული


ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ეხმაურება.

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები, ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ლიდერი ნდობას“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ბიზნესმენის ცნობით, ხაზარაძესთან სასამართლო დავა ეხებოდა „სააკაშვილის რეჟიმის“ დროს ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ, როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, მას თიბისი ბანკის მეშვეობით უკანონოდ წაართვეს.

ჩხარტიშვილის თქმით, „ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო“.

ვანო ჩხარტიშვილი განმარტავს, რატომ განიხილებოდა საქმეები ერთ კონკრეტულ მოსამართლესთან.

„ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს. ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოთ დასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ გაუგებარია მამუკა ხაზარაძის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც.

„მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნესგარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვოცირებელი. ჩემთვის მთავარი იყო, დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

როგორც ბიზნესმენის განცხადებაშია ნათქვამი, თიბისი ბანკმა მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა მისი ქონება და 5 წუთში სხვას მიჰყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა.

„ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

ის დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია“, - წერს ჩხარტიშვილი.

ბიზნესმენის შეფასებით, ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ამაოდ ცდილობს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ტოქშოუ „რეაქციაში“ თქვა, რომ ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და მთავარი პროკურორის ჩარევით გადაწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG