Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ


ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ჭიდაობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს - 14 სექტემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში გამოავლინეს ფინალისტები. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი გავიდა და მათგან ორმა: ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ორივეს თითო შეხვედრის მოგება აშორებს.

ნუგზარ წურწუმიამ ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა: ჩინელი ლიგუო ჩაო (9:0), რუსი ვიტალი კაბალოევი (8:3) და იაპონელი შოთა ოგავა (8:0). ლაშა გობაძემ მსოფლიოს პირველობა ამერიკელი ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩის ძლევით (7:0) გახსნა. მეოთხედფინალში ჩინელ ჰაიტაო ქიანს აჯობა (9:0), ხოლო ნახევარფინალში - უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს (3:1).

დღესვე ჩაებნენ მსოფლიოს კონკურენციაში ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და იური ლომაძე (72 კგ), მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ორივე გამოეთიშა.

55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში საპრიზო სამეულები ხვალ შეივსება. ნუგზარ წურწუმია ფინალში ყაზახ ხორლან ჟაკანშას დაუპირისპირდება. ლაშა გობაძის მეტოქე კი აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი იქნება.

ხვალვე ჩაებმებიან საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 67, 87 და 97 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მელია (97 კგ).

XS
SM
MD
LG